“დოქტორ გუდსი“ სამედიცინო ტექსტილის პირველი ქართული საწარმოა, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა და სამედიცინო სექტორს სთავაზობს ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებს – გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიულ შემოფარგვლებს, ქირურგიულ ხალათებს და ა.შ., პროდუქციას, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციისთვის გამოიყენება.
როგორც bm.ge-ის „დოქტორ გუდსში” განუცხადეს, კომპანია მიჰყვება წინასწარ განსაზღვრულ განვითარების გეგმას, რომელიც მოიცავს: ISO და CE სერტიფიცირების პროცესების დასრულებას, რიგით მეორე საწარმოს გახსნას და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დაწყებას.
“ISO და CE სერტიფიცირების პროცესების დასრულების შემდეგ, ევროპაში ჩვენთან წარმოებული პროდუქციის ექსპორტს დავიწყებთ. დასაწყისში, ვფიქრობთ, პროდუქციიის ექსპორტს ბულგარეთში, რუმინეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში. ამ ქვეყნებში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე არსებობს და დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებებიც დასრულებულია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, გამომდინარე იქიდან, რომ ბრექსიტის შემდეგ ინგლისი აღარ არის ევროკავშირის ნაწილი, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი დამატებითი რეგულაციების გარეშე, პირველად სწორედ ინგლისში მოხდება“, – განუცხადა BMG-ის „დოქტორ გუდსის“ მმართველმა პარტნიორმა მამუკა ხადურმა.
მამუკა ხადურის თქმით, საქართველოში წარმოებული ქირურგიული თეთრეული უკვე წარმატებით იყიდება ყაზახეთში და ამერიკის საელჩოს გავლით – შეერთებულ შტატებში.
პანდემიის პირობებში, განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა ჩინეთშიც. რაც შეეხება მეზობელ თურქეთს, თურქეთი განსაკუთრებით იცავს ადგილობრივ წარმოებებს, რაც გამოიხატება ანალოგიურ პროდუქტებზე იმპორტის მაღალი გადასახადით, შესაბამისად, ეს, იმპორტირებულ პროდუქტს არაკონკურენტ უნარიანს ხდის. “ამიტომ თურქეთში ექსპორტი ამ ეტაპზე არ განიხილება”, – განმარტავს მამუკა ხადური.
კოვიდ პანდემიის გამო კომპანია მუდმივ კორდინაციაშია ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელიც საჭიროებს პერსონალური დაცვის საშუალებებს. ჯანდაცვის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი კომპანია „დოქტორ გუდსის“ მიერ წარმოებული პროდუქციით. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს ახალი პროდუქტების წარმოების განვითარებაზეც, დაგეგმილია სამომხმარებლო ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალების წარმოება, რომლებიც მომხმარებლისთვის უკვე საცალო/სააფთიაქო ქსელებში იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: https://bit.ly/360meKW